„ნასა“ დედამიწის ორკვირიან დაბნელებას უარყოფს
რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა ინტერნეტსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწაზე 15-დან 30 ნოემბრამდე სიბნელე დადგება.
ეს ინფორმაცია თითქოს „ნასამაც“ დაადასტურა, ხოლო აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს დირექტორი ჩარლზ ბოლდენი თითქოს პრეზიდენტ ობამას წინაშე სპეციალური მოხსენებითაც კი წარდგა. ამ დასკვნაში თითქოს ეწერა, რომ „პარალელიზმის“ მოვლენის გამო პლანეტა ვენერა იუპიტერის სამხრეთ-დასავლეთის გასწვრივ იმოძრავებს, რის შედეგადაც ის მზეზე 10-ჯერ უფრო კაშკაშა იქნება. ეს ნათება კი იუპიტერის გაზებს გააცხელებს, რაც, თავის მხრივ, წყალბადის უზარმაზარი რაოდენობით გამოშვებას გამოიწვევს. ამის გამო მზეზე უზარმაზარი აფეთქება მოხდება და ამით ტემპერატურა მოიმატებს. შედეგად კი ვარსკვლავის სიკაშკაშე იკლებს და ის მოცისფრო ფერის გახდებაო.
როგორც გაირკვა, ეს სტატია ჯერ კიდევ ივლისში, ვებგვერდ Newswatch33-ზე გამოქვეყნდა. ეს პორტალი „ფეიკების“ გამოქვეყნებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, იქ დაიწერა, რომ მომღერალმა ბიონსემ და რეპერმა Jay Z-მა კონფედერაციის დროშის უფლება მოიპოვეს. ასევე ეწერა, რომ მაიკლ ჯექსონი აშშ-ს სპეცსამსახურებმა ამერიკის მთავრობის დავალებით მოკლეს.
ამ ინფორმაციის უარსაყოფად „ნასას“ საიტზე დოქტორ ჯონ კარლსონთან ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომელიც ამბობს, რომ არც „ნასა“, არც რომელიმე სამეცნიერო ორგანიზაცია სამყაროს დასასრულს არ აანონსებდა. მისი თქმით, დედამიწაზე მოსალოდნელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა: წყალდიდობები, მიწისძვრები და ტერაქტები, მაგრამ არა „ორკვირიანი ჩაბნელება მზეზე აფეთქების გამო“.