გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.

„ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებში 2025 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა 59 %-ით გაიზარდა.

ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. 2025 წელს სააგენტომ სწავლება 58 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში სააგენტო 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან თანამშრომლობდა, ხოლო სხვადასხვა სასწავლო კურსში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, კურსდამთავრებულთა 67 % უკვე დასაქმებულია. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც. 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ითანამშრომლა, ხოლო სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია განთავსდა. დამსაქმებელთან 4,684 სამუშაოს მაძიებელი გადამისამართდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე თემატურ კომიტეტზეა დაგეგმილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები