“თუ საქართველოსთვის პირობები მისაღები იქნება, რატომ არ უნდა მივიღოთ რუსეთიდან გაზი“?
ჰიდროენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას უნდა ესაუბროს, მათ შორის რუსეთსაც.
„ბოლო 10 წელია ჩვენ სისტემატურად ვიღებთ გაზს რუსეთიდან, როგორც სატრანზიტოს, რომელსაც რუსეთი აწვდის სომხეთს, ასევე დამატებით ვყიდულობდით. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორია ის ნაბიჯი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრმა გადადგა და „გაზპრომს“ დაელაპარაკა – ჩემი ღრმა რწმენით, ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. ენერგეტიკის მინისტრი ყველა ქვეყანას უნდა ესაუბროს და იზრუნოს ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობაზე, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, შესაბამისად, მის ამ ნაბიჯს მე მივესალმები“, – განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა დააყენონ პირობები და თუ ეს საქართველოსთვის მისაღები იქნება, ქვეყანამ რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ჯერჯერობით კონტრაქტზე არაა საუბარი. როგორც მე ვიცი, ეს ჯერ საუბრის დასაწყისია, სადაც მხარეები პირობებს დააყენებენ და ეს თუ მისაღები იქნება, საქართველოსთვის რატომ არ უნდა მივიღოთ რუსეთიდან გაზი? მთელი ევროპას იღებს გაზს მისგან. 2005-2008 წლებში თითქმის მილიარდ კუბამეტრ გაზს ვყიდულობდით რუსეთისგან“,- განაცხადა ცინცაძემ.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ყველა პოტენციურ მომწოდებელთან უნდა ისაუბროს, მათ შორის აზერბაიჯანთან, რუსეთთან და ირანთან.
„დივერსიფიცირებაა სწორედ ის, რომ რუსეთიდანაც იყიდო, აზერბაიჯანიდანაც და ასევე ირანიდანაც. რაც შეეხება ირანს, მისკენ დასავლეთი მოტრიალდა და რატომაც არ უნდა ვიყიდოთ ირანისგან?! სრულიად სწორი ნაბიაჯია, რომ ვისაუბროთ ყველა პოტენციურ მომწოდებელთან და არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამით არსებულ მომწოდებელს გავაღიზიანებთ. აზერბაიჯანი უახლოეს წარსულში თავად ყიდულობდა რუსეთიდან გაზს. რუსეთი რომ სანდო პარტნიორი არაა, ამას თქმა არ უნდა, მაგრამ ის, რომ გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია მსოფლიოში, ამასაც თქმა არ უნდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გაზი კარგი პირობებით მივიღოთ. საუბრის დაწყება აუცილებელი, სწორი და კარგია. თუ იქ პოლიტიკური დამოუკიდებლობა სასწორზე უნდა დაიდოს, ამაზე დღევანდელი ხელისუფლება არ წავა, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, ბუნებრივი აირის შემოტანის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადაიზარდოს.
„რაც შეეხება აზერბაიჯანს, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ შევაქცევთ ზურგს, იმიტომ, რომ იმ გაზსადენით, რომლიდანაც ჩვენ რუსეთიდან ვყიდულობთ, საკმარის გაზს ვერ მივიღებთ, რადგან ის გაზსადენი ორ ქვეყანას ემსახურება. სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი ესაჭიროება, ჩვენ დაახლოებით – 2,5 მილიარდი. 4,5 მილიარდის მიღება იმ გაზსადენით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, რეაბილიტაციის გარეშე შეუძლებელია. ის, რომ აზერბაიჯანს ზურგი შევაქციოთ, აბსოლუტურად გამორიცხულია, მინიმუმ 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ, რადგან ეს ტრანზიტის საფასურია, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათიანი გაზი, ამას არავინ დაარღვევს. რაც მეტი არჩევანი გვექნება, ჩვენთვის კარგია. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს პოლიტიკაში, ესაა წმინდა ენერგეტიკული საკითხი და ბიზნესი. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ გვეყოლება არა ერთი, არამედ სამი მომწოდებელი, ირანს ვგულისხმობ, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს“,- განაცხადა ცინცაძემ.