სირიაში ორი ირანელი გენერალი დაიღუპა
სირიაში საომარი მოქმედებების დროს ორი ირანელი გენერალი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ესენი არიან: გენერალ-მაიორი ფარშად ხასუნიზადე და ბრიგადის გენერალი ჰამიდ მოხტარბანდი, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსიდან არიან და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. კონკრეტულად რა ვითარებაში და სად დაიღუპნენ გენერლები, უცნობია.
ასევე „როიტერის“ ცნობით, სირიის სამთავრობო ძალები ირანის, შიითური დაჯგუფება „ჰესბოლას“ და რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალეპოსთან ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან. სირიის სამთავრობო ქვედანაყოფებში შედიან ასევე ირანელი მოხალისეები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსიდან, რომლებსაც ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ალეპოსთან ირანელი გენერალი ჰოსეინ ჰამედანი დაიღუპა, რომელიც ასევე ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდა.