„ისლამური სახელმწიფო“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინააღმდეგ „წმინდა ომისკენ“ მოუწოდებს
ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თავის მომხრეებს აშშ-სა და რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ (წმინდა ომი) მოუწოდებს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
როგორც ისლამისტების წარმომადგენელმა მოჰამად ადნანიმ 40-წუთიან აუდიომიმართვაში განაცხადა, ეს დაჯგუფება მთელი მსოფლიოს მუსულმანებს ამერიკელების და რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ადნანის მიმართვაში ასევე ყურადღება გამახვილებულია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებებზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ წმინდა ბრძოლას აწარმოებს.
ადნანი ახსენებს იმ დაჯგუფებებსაც, რომლებიც სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან და ამბობს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან.