აშშ და რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებას გამართავენ
აშშ და რუსეთი გამართავენ მოლაპარაკებას სირიის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების საკითხებზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მოლაპარაკება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რუსული და ამერიკული თვითმფრინავები კვლავ ვიზუალური კონტაქტის მანძილზე მიუახლოვდნენ ერთმანეთს.
ორი ქვეყნის სამხედროები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ მოახდინონ მოქმედების კოორდინირება, რათა სირიის ცაში „დაუგეგმავი ინციდენტები“ თავიდან აიცილონ. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ მას შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. ამასთანავე კარტერმა სირიაში რუსეთის ქმედებას „არასწორი და სტრატეგიულად არაშორსმჭვრეტელი“ უწოდა. ამ საკითხის გარდა, კარტერმა სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე გამორიცხა.
აშშ-ს და რუსეთის სამხედროები ამ საკითხს ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილავენ.