ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები გააუქმა
ევროკაშირის გადაწყვეტილებით, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ზოგიერთი ბელორუსი ჩიკოვნიკის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება. ეს გადაწყვეტილება მომავალი წლის თებერვლამდე იმოქმედებს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში არლემ დეზირმა განაცხადა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ლუკაშენკომ ექვსი ბელორუსი ოპოზიციონერი შეიწყალა, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელსაც მასობრივი არეულობის მოწყობის ბრალდებით 2011 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიტპატიმრების არსებობა ლუკაშენკოს მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო. სანქციები ლუკაშენკოსა და ზოგიერთი ბელორუსი ჩინოვნიკის და საწარმოს წინააღმდეგ 2000 წლიდან მოქმედებს. ამჟამად სანქციების სიაში 250 ადამიანი შედის.