მალაიზიური „ბოინგი“ უკრაინის აღმოსავლეთში „ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი მალაიზიური „ბოინგი“, „ბუკის“ ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. ეს დასკვნა ექსპერეტებმა 15-თვიანი მუშაობის შედეგების მიხედვით გამოიტანეს.
საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც „ბოინგ -777“-ის ჩამოვარდნის მიზეზებს იძიებდა, ნიდერლანდებში დღეს შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა. მთავარი დასკვნა – „ბოინგის“ ჩამოგდება „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით არ დადასტურდა. კომისიის დასკვნის მიხედვით, რომელშიც 7 ქვეყანა მონაწილეობდა, ავიალაინერი რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან იყო განადგურებული.
ექსპერტები ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ ავიალაინერი ჰაერში ნაწილებად დაიშალა. რაკეტა მარცხენა მხრიდან პილოტის კაბინას მოხვდა. კომისიის გამომძიებლებმა უარყვეს რუსული მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაკეტის ტიპის დადგენა შეუძლებელია. ამასთანავე, იმის გასარკვევად, თუ საიდან იყო გამოშვებული რაკეტა, დამატებითი გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-777“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. დაიღუპა 298 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები