პენტაგონმა სირიის ოპოზიციურ ძალებს 50 ტონა ტყვია-წამალი საჰაერო გზით მიაწოდა
პენტაგონმა სირიელ ამბოხებულებს 50 ტონა ტყვია-წამალი და იარაღი საჰაერო გზით მიაწოდა. ოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა, სადაც ოპოზიციური ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.
როგორც პენტაგონის პრესმდივანმა განაცხადა, სატრანსპორტო თვითმფრინავმა С-17-მა პარაშუტებით იარაღი, ტყვია-წამალი და ყუმბარები ჩამოყარა.
ეს ოპერაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა სირიის ოპოზიციური ძალების მომზადებაზე, რაზეც 500 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმებოდა, და ახლა ამ თანხით შეძენილი იარაღი უკვე არსებულ ჯგუფებს მიეწოდება.
აშშ-ს თავდაცვის უწყების განცხადებით, ეს დაჯგუფებები „შეერთებული შტატების ნდობით სარგებლობენ და ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან.