ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსიაში რუსული ბაზის განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის მზად არის რუსეთის ხელისუფლებასთან ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი განიხილოს, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ჩვენ ამ საკითხს ვლადიმერ პუტინთან განვიხილავთ. თუ რუსეთი ხედავს ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ალბათ ამას გვეტყვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ამასთანავე, ბელორუსიის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რუსეთის მიერ ბელორუსიაში სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, რადგანაც ეს ძალზე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„საუბარია საავიაციო ბაზაზე, ჩვენ კი თვითმფრინავები არ გვჭირდება, ჩვენ გვესაჭიროება საჰაერო თავდაცვის საშუალებები. თუ დაგვჭირდა ეს თვითმფრინავები, მათ შევიძენთ ან იჯარით ავიღებთ. „სუ“-ს ან „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავისთვის არ არის დიდი განსხვავება, საიდან აფრინდება – ბელორუსიის ბობრუისკიდან თუ რუსეთის ქალაქ სმოლენსკიდან ან თუნდაც მოსკოვიდან“. – განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკო ამბობს, რომ „ბელორუსიას ბაზები არ სჭირდება“.
„მე ომს არ ვაპირებ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ მაინც დაგვჭირდა, ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რუსეთთან და რუს ხალხთან ერთად ვიქნებით, აქ, ბელორუსიაში, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიდგებით. მაგრამ რისთვის გვჭირდება რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა? რას გადაწყვეტს თვითმფრინავები, რომლებსაც რუსეთიდან ბელორუსიის რომელიმე აეროდრომზე გადაიყვანენ?“ – ამბობს ლუკაშენკო.
მისი თქმით, ამჟამად ბელორუსია მუშაობს სისტემებზე, რომელიც მის წინააღმდეგ ომს შეუძლებელს გახდის.
„თვითმფრინავები ნატოს ძალების წინააღმდეგ ვერაფერს იზამს. ჩვენ რაკეტები გვჭირდება. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები – ძლიერი სისტემები, რომლებიც რუსეთის და ბელორუსიის თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული, რადგანაც ეს ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაა“, – განაცხადა მან.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, თუ რუსეთი ბელორუსიას თვითმფრინავების პოლკს გადასცემს, იქ ბელორუსი პილოტები იქნებიან. „შესაბამისად, ისმის კითხვა – რა საჭიროა ბაზა, თუ ჩვენ ჩვენი ძალებით შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 სექტემბერს დაავალა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, მოლაპარაკება გამართონ ბელორუსიის მხარესთან და ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ბელორუსიაში სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები