რა კავშირი აქვს გიგი უგულავას ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან?!

თბილისში არცერთი პროექტი შეფერხებული არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ ორი პროექტია შეჩერებული, რომელიც კონტრაქტორი კომპანიების დაუდევრობით არის გამოწვეული.
თბილისის მერი მოძრაობის შეფერხებას ბუნებრივ პროცესად აფასებს და აცხადებს, რომ საინჟინრო სამუშაოების გამო ყველა ქალაქში ხდება მსგავსი შეფერხება.
„თუ გულისხმობთ იმას, რომ რომელიმე ხიდის ან გზის შეკეთების მიმდინარე სამუშაოს გამო ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია, ეს ბუნებრივი პროცესია და ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქალაქს, სადაც რაიმე სახის საინჟინრო სამუშაოების გამო არ ხდება მოძრაობის შეფერხება. ხიდის შეკეთებას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება, ისევე როგორც გარკვეული პერიოდი სჭირდება გზის დაგებას. კომპანიამ, რომელიც ზაჰესში ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და დავაჯარიმეთ. მეორე კომპანია, რომელიც საგზაო სამუშაოებს ასრულებდა და აქვს ვადაგადაცილება, 300 ათასზე მეტი ლარით დაჯარიმდა. ეს გახლავთ კომპანია “ხიდი” და საგზაო კომპანია, რომელსაც აქვს გარკვეული ვადის ჩამორჩენა, გახლავთ “არენა მშენი“.
ეს არის ისეთი კომპანია (ხიდი), რომელსაც მენეჯმენტი არ გააჩნია, ელემენტარული საკითხები ვერ მოაგვარა და ვერ მოაწესრიგა. ჩვენგან აღებული ავანსი სხვა პროექტს მოახმარა, თუ სად წაიღო, არ ვიცით(?!). ფაქტია, ავანსად რა თანხაც არის წაღებული, ამის ადეკვატური სამუშაოები არ არის შესრულებული, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საბანკო გარანტიის ამოქმედება და ჩვენი თანხის დაბრუნების პროცედურები. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ეს კომპანია. პირადად ჩემთანაც იყო რამდენჯერმე მისი ხელმძღვანელი დაბარებული. ადგილზეც ვიმყოფებოდით და ვატარებდით პერიოდულ მონიტორინგებს. ამიტომ ის, რაც მოხდა, 100%-ით კომპანიის ბრალია და თუ რამე პრეტენზია აქვთ მერიასთან, შეუძლიათ, გვიჩივლონ სასამართლოში და, შესაბამისად, ვაგებთ პასუხს“,-განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა თბილისის მერმა იმის შესახებ, რომ ბარათაშვილის ხიდის სარემონტო სამუშაოებს გიგი უგულავას მეგობრის, გეგი ქელბაქიანის კუთვნილი კომპანია “ენსისი” ატარებს, ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანიაა, ამიტომაც მერიას უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის.
„ჯერჯერობით მუშაობს ეს კომპანია, თუმცა მუშაობის ტემპით კმაყოფილი ნამდვილად არა ვარ. ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს. თუმცა ერთი ობიექტური გარემოებაც არის. გამომდინარე იქიდან, რომ ხიდი ძალიან ავარიული იყო, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და მას შემდეგ, რაც მოიხსნა ხიდის დაზიანებული მონაკვეთი, კიდევ უფრო მეტი ხარვეზი გამოჩნდა, შესაბამისად, კიდევ დაემატა სამუშაოების მოცულობა, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები