ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
თურქეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეჭრილი „მიგ-29-ის“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი ავრცელებს. ინფორმაციას გამოცემა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმხილველებმა ქალაქ ჰურაიტანის სიახლოვეს აფეთქებული თვითმფრინავი დაინახეს და სამი თურქული ავიაგამანადგურებელი, რომელიც მის თავზე დაფრინავდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ რუსული „მიგ-29“ თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და თურქულმა ვიაციამ „შესაბამისი რეაგირება მოახდინა“.
Daily Express-ი რუსეთის და თურქეთის სამხედრო უწყებებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფრომაცია ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთმა ინფორმაცია გაავრცელა რუსული თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ორი ფაქტის შესახებ. ერთი ფაქტი მოსკოვმა დაადასტურა და ის ცუდი ამინდით ახსნა.