გროზნოში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სამი „ბოევიკი“ გაანადგურეს
პოლიციელებმა გროზნოში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი „ბოევიკი“ გაანადგურეს. სამართალდამცველების მხრიდან სამი დაჭრილია, ორის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოპერაცია წუხელ გროზნოს სტაროპრომისლოვსკის რაიონში ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
სპეცოპერაციის თაობაზე კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა. მისი თქმით, განადგურებული ტერორისტები სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ბაზებზე ემზადებოდნენ და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს აწყობდნენ. მათი საცხოვრებლის ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ხელყუმბარები, ნაღმები და ავტომატები.
ამ ინფორმაციის მიხედვით დაჯგუფების მეთაური იყო შამილ ჩერგიზოვი, რომელმაც დაკავების დროს ორი სამართალდამცველი დაჭრა. პირველ რიგში, სწორედ ის იყო განადგურებული.