„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, რამდენიმე რუსული რაკეტა სირიის ნაცვლად ირანში დაეცა
ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, მინიმუმ ოთხი რუსული რაკეტა, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იყო დამიზნებული, ირანში ჩამოვარდა. ამის შესახებ ტელეკომპანიას ორმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა შეატყობინა. ამასთანავე, ტელეკომპანიას არ გააჩნია ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა ამ ინციდენტს მსხვერპლი. საუბარია რაკეტებზე, რომლებიც რუსულმა საბრძოლო ხომალდებმა კასპიის ზღვიდან გაუშვეს.
ამ ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა რაკეტა სირიაში მიზანს მოხვდა. „სი-ენ-ენისგან“ განსხვავებით, ჩვენ არ ვავრცელებთ ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, არამედ ვაჩვენებთ ჩვენი რაკეტების გაშვების და მათ მიერ მიზნების განადგურების კადრებს პრაქტიკულად რეალური დროის რეჟიმში“, – განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ირანის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყო.