სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბაშარ ასადის მხარდაჭერა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ კი არ ებრძვის, არამედ სირიაში სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს ბომბავს და ბაშარ ასადს მხარს უჭერს. თუ რუსეთი ასადის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, ის სირიის კონფლიქტის მოგვარებაში პოზიტიურ როლს ვერ შეასრულებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი ინფორმაციით, რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება. „ჩვენ ვიხილეთ საჰაერო დარტყმები, სარაკეტო შეტევები ხომალდებიდან, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს ყველაფერი ძალიან აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ის თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდება და არსებულ ვითარებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები