ერდოღანი რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გართულების გამო ანკარამ შეიძლება რუსული ბუნებრივი აირის შეძენაზე უარი თქვას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. რუსულ-თურქული ურთიერთობები რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ გამწვავდა.
„ჩვენ რუსული ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მომხმარებლები ვართ. თურქეთის დაკარგვით რუსეთი ბევრს დაკარგავს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივი აირის შეძენა სხვაგანაც შეგვიძლია“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სათანადოდ ვერ ახსნა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა შეიძლება რუსული კონტრაქტის მიხედვით ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე უარი თქვას.
„ამ შემთხვევაში ელექტროსადგურს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ააშენებენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 3 და 4 ოქტომბერს დაარღვიეს. ამასთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები