იტალია უარყოფს ინფორმაციას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვას გეგმავს
იტალიის თავდაცვის სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის საჰაერო ძალების Tornado-ს ტიპის თვითმფრინავები უახლოეს მომავალში ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს დაბომბავენ. ამის შესახებ გამოცემა Corriere della Sera იტყობინება.
„იტალიის ავიაციის დარტყმები „ისლამურ სახელმწიფოზე“ მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც მოკავშირეებთან უნდა შეთანხმდეს. გარდა ამისა, საჭიროა პარლამენტის თანხმობაც“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამშაბათს Corriere della Sera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაცია შეთანხმებულია ამერიკის სამხედრო მეთაურობასთან და უახლოეს საათებში შეიძლება დაიწყოს. სტატიაში ეწერა, რომ ამისათვის ქუვეითის ავიაბაზაზე ოთხი ავიაგამანადგურებელი Tornado, ასევე მფრინავი ტანკერი და უპილოტო საფრენი აპარატები გააგზავნეს.