სომხეთის პარლამენტმა საპარლამენტო მოდელზე გადასვლას მხარი დაუჭირა
სომხეთის ნაციონალურმა კრებამ 104 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სომხეთის პრეზიდენტის ინიციატივას ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხის რეფერენდუმზე გატანის შესახებ. ცვლილებები საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას ითვალისწინებს.
რეფერენდუმი, სავარაუდოდ, 6 დეკემბერს ჩატარდება. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტი 5-ის ნაცვლად 7 წლით იქნება არჩეული.
ამ მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერად პარტიის ან პარტიული ბლოკის კანდიდატს დანიშნავს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დროს პრემიერს ექვემდებარება.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი. საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.