„დონეცკისა და ლუგანსკის“ რესპუბლიკებმა არჩევნები გააუქმეს
ე.წ. დონეცკისა და ლუგანკის რესპუბლიკების წარმომადგენლები დენის პუშილინი და ვლადისლავ დეინეგო 18 ოქტომბრისთვის და 1 დეკემბრისთვის დანიშნული არჩევნების გადატანას დათანხმდნენ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალ წელს ჩატარდება.
არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კიევი, რომელიც მათ მინსკის ხელშეკრულებების დარღვევად აფასებდა. არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ეს გადაწყვეტილება 2 ოქტომბერს პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის“ შეთანხმების შედეგია.
პუშილინმა და დეინეგომ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი დონბასის განსაკუთრებული სტატუსის საკითხის განხილვაში მონაწილეობას მოითხოვენ. ასევე, მათი განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანოს და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო მოქმედებების მონაწილეებისთვის ამნისტია გამოაცხადოს.