კალიფორნიაში მძიმედ დაავადებულ ადამიანებს ევთანაზიის უფლება ექნებათ
კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უკურებელი სენით დაავადებულ პაციენტებს ევთანაზიის უფლება ენიჭებათ,ხელი მოაწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Los Angeles Times ავრცელებს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კალიფორნია ამერიკის შეერთებულ შტატებში მეხუთე შტატი გახდა, სადაც მოქალაქეებს ევთანაზიის უფლება აქვთ .
„მე არ ვიცი, რას ვიზამდი და რა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მძიმედ რომ ვიყო ავად და დიდი დროის მანძილზე მტანჯველი ტკივილები მაწუხებდეს. მაგრამ კარგია, რომ მათ, ვისაც ამის გაკეთება სურს და სხვა გზას ვერ ხედავენ, ამის გაკეთების საშუალება მიეცემათ. მე ხალხს ამ უფლებას ვერ წავართმევ“,- განაცხადა 77 წლის გუბერნატორმა ბრაუნმა.
ცნობილია, რომ ბრაუნი კათოლიკეა და უფრო მეტიც, მას ადრეულ ახალგაზრდობაში მღვდლობა სურდა. კათოლიკური ეკლესია კი ევთანაზიას საშინელ ცოდვად მიიჩნევს. კანონის თანახმად, ევთანაზიის შესახებ გადაწყვეტილება 2-მა ექიმმა უნდა მიიღოს, რომელთაც უნდა აღიარონ, რომ პაციენტს 6 თვეზე მეტი სიცოცხლე არ დარჩენია, თუმცა აუცილებელია, პაციენტი საღ გონებაზე იმყოფებოდეს. ევთანაზია, გარდა ამერიკის 5 შტატისა, კიდევ ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში და კოლუმბიაშია დაშვებული.