სტოლტენბერგი – რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ძალიან სერიოზული ფაქტია
რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითობას არ ჰგავს და ეს ყოვლად მიუღებელია. ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა ვერ წარუდგინა ალიანსს რეალური ახსნა, თუ რატომ ჰქონდა ადგილი ამ ფაქტს.
„ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევით არ მომხდარა, თანაც ის განმეორდა. რუსული თვითმფრინავები იმაზე უფრო მეტხანს იმყოფებოდნენ თურქეთის საჰაერო სივრცეში, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ანალოგიური შემთხვევების დროს დაფიქსირდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოსკოვს საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევის ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. პირველ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც პილოტებმა აეროდრომის განლაგების და ცუდი ამინდის გამო დაუშვეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო დროს დაფიქსრებულია სირიაში რუსეთის ჯარის რაოდენობის გაზდა, ეს ეხება სახმელეთო ჯარსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უკვე მოითხოვა რუსეთისგან ავიადარტყმების შეწყვეტა, რომელთა გამოც სირიის ოპოზიციის ძალები და მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.