პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა იმართება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პარიზში, ელისეის სასახლეში შეხვდნენ. ორმხრივი მოლაპარაკება „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის წინ იმართება, რომელზეც დონბასის კონფლიქტის მოგვარების გზები იქნება განხილული.
მანამდე პუტინი საფრანგეთის ლიდერს ფრანსუა ოლანდს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ უშაკოვის განცხადებით, „ოთხეულის“ შეხვედრა მოლაპარაკებისა და სამუშაო ლანჩისგან შედგება. პროტოკოლური ნაწილის გარდა, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ეს „ნორმანდიული ოთხეულის“ მესამე შეხვედრა იქნება. აღნიშნული ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაწყებული კონფლიქტის მოსაგვარებლად შეიქმნა.