„ბი-ბი-სი“: მედიაში და სოციალურ ქსელებში სირიაზე რუსული ავიაიერიშების თემა აქტიურად განიხილება
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მედიაში და სოციალურ ქსელებში სირიაზე რუსული ავიაიერიშების საკითხი აქტიურად განიხილება და გასხვავებული შეფასებები ვრცელდება. გამოცემა „მედუზა“ ადგილობრივ სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ტალბისაზე, სადაც არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ „სირიის თავისუფალი არმიის“ პოზიციები მდებარეობს.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასახლება რასტანში, ტალბისასა და ზაფარანში სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვი. ტალბისას მოსახლებამ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა განახორციელეს სირიის ერთადერთ რაიონზე, სადაც ოპოზიციის ნაწილები მდებარეობენ.
რუსეთში სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი სირიას რუსეთისთვის „ახალ ავღანეთს“ უწოდებს. ასევე განიხილება დოკუმენტი, რომლის მიხედვით ფედერაციის საბჭომ პუტინს საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების თანხმობა მისცა. იქ, ბუნებრივია, სირიაზე საუბარი არ მიდის. წერია მხოლოდ შეიარაღებული ძალების გამოყენება – ნებისმიერ დროს და ადგილას, სადაც პუტინს მოესურვება. ასევე ზოგიერთ ბლოგერი ამბობს, რომ სირიელებმა საზენიტო კომპლექსებიდან ორი რუსული თვითმფრინავი – „სუ-34“ და „ტუ-22“ უკვე ჩამოაგდეს. „ბუნებრივია ეს დანაკარგები მკაცრად არის გასაიდუმლოებული“, – წერს ბლოგერი საშა სოტნიკი.