მიხეილ სააკაშვილი ბოროვიკის სასარგებლოდ აგიტაციაში ამხილეს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მერობის კანდიდატის ალექსანდრე ბოროვიკის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
ორგანიზაცია „ოპორას“ ინფორმაციით, შეხვედრა ოდესაში, აკადემიკოს ლაზარევის ქუჩაზე გაიმართა. ბოროვიკის თქმით, სწორედ ამ ეზოში ადრე ბებიამისი ცხოვრობდა, ამიტომ საარჩევნო კამპანიის დაწყება მან ოდესის ამ მისამართიდან გადაწყვიტა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ბოროვიკს მხარი დაუჭირა და მის მენეჯერულ შესაძლებლობებზე ყურადღება გაამახვილა. შეკრებილების კითხვაზე თუ რატომ ეწევა ოდესის გუბერნატორი საარჩევნო აგიტაციას სამუშაო საათებში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ეს არ არის სამუშაო საათები, ვინაიდან მან წუხელ მუშაობა დილის 4 საათზე დაასრულა“.
მოგვიანებით, თავად ბოროვიკმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ აქციაზე ადმინისტრაციული რესურსი არ გამოყენებულა, ვინაიდან ის „სადილზე შესვენების დროს გაიმართა“.
„უნიანის“ ცნობით, ორგანიზაცია „ოპორამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონი „ადგილობრივი არჩევნების შესახებ“ ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში სამუშაო საათებში მონაწილეობას უკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები