მოსკოვი „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვას ერაყშიც არ გამორიცხავს
მოსკოვი მზად არის ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ ავიაიერიშების საკითხი განიხილოს, თუ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა მას შესაბამისი თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ილია როგაჩევმა განაცხადა.
„თუ უშიშროების საბჭოსგან შესაბამისი რეზოლუცია იქნება ან ერაყის ხელისუფლება თხოვნით მოგვმართავს, ჩვენ ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ. ასევე განხილული იქნება ამ ნაბიჯის პოლიტიკური და სამხედრო მიზანშეწონილობა“ – განაცხადა დიპლომატმა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის მიესალმებოდა რუსეთის საჰაერო ოპერაციას, მაგრამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ეს საკითხი არ განუხილავთ.
30 სექტემბრიდან რუსეთი სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებს. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო ძალები სინამდვილეში სირიის ოპოზიციის ძალებს ბომბავენ.