“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წელი გავიდა -ექსპერტების და პოლიტიკოსების შეფასებები
კოალიცია “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წელი გავიდა. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა და “ქართუული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. კოალიციის სამწლიან მმართველობას პოლიტიკოსები და ექსპერტები აფასებენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის კახა კალაძის განცხადებით, ამ 3 წლის განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა. მისი თქმით, განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის და სხვადასხვა მიმართულებით. ვიცე – პრემიერის შეფასებით, 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებს, მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა.
“ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ხალხის მიმართ ჩადიოდნენ. არ დავკონკრეტდები, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რა მდგომარეობაში იყვნენ ჟურნალისტები და ა.შ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავისი უწყების მუშაობით კმაყოფილია გარემოს დაცვის მინისტრი. გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ბევრი ვერ ფლობს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ. „შესაძლოა, ბევრს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და ამიტომ, ეს საჯაროობა ჩვენთვის ძალიან საშურველი საქმეა. გარემოს დაცვის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. ხელისუფლების მიღწევებით კმაყოფილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი. “საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ გაუმჯობესდა სამუშაოების ხარისხი. წარმოუდგენლად დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა, თუნდაც ავტობანზე. სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ, მაგრამ ეს ძალიან შორს არის საჭიროებიდან და ჩვენი სურვილებიდან. იმედია კიდევ უფრო დაჩქარდება ტემპები. იმედია, რომ მსოფლიოშიც აღარ იქნება ეკონომიკური კატაკლიზმები და არ გვექნება საფუძველი ვისაუბროთ გარე უარყოფით ფაქტორებზე. ეს მოგვცემს შესაძლებობას მაქსიმალური ძალისხმევით და მაქსიმალურად ეფქტურად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
საზოგადოებას დღევანდელი დღეს ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და აცხადებს,რომ კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ. “გილოცავთ ამ ამბავს, კიდევ კარგი ბევრი წელი იქნება წინ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე კი მიიჩნევს, რომ მე-4 პოლიტიკური წელი საკმაოდ დაძაბული იქნება. „წარმატებული, ცხადია, გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ, ჯამში საკმაოდ დადებითი იყო ის ძვრები, რაც მოხდა ქვეყანაში. მეოთხე წელს უნდა ველოდოთ, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წელი და ველოდოთ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში მოვა ის გუნდი, რომელსაც ნამდვილად ხალხი აირჩევს,“ – აცხადებს დავით საგანელიძე.
“კვირა“ დაინტერესდა როგორ აფასებენ “ქართული ოცნების“ მმართველობის აღნიშნულ ეტაპს ექსპერტები. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება “ქართული ოცნების“ ისტორიული დამსახურეება.
რაც შეეხება ქვეყნის მმართვის სადავეების ხელში აღების შემდეგ “ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხუხაშვილი ამბობს,რომ რიგ სფეროებში მთავრობამ ეფექტურად იმუშავა, თუმცა ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მიუხედავად მემკვიდრეობით მიღებული სისტემის დემონტაჟი გაუჭირდა.
“2012 წლის არჩევნების შედეგებით ავცდით ავტორიტარიზმის ჩაბეტონების საფრთხეს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც “ქართული ოცნების“ ისტორიული დამსახურება. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ პროცესებს – ხელისუფლებამ კი დაამარცხა “ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ გაუჭირდა სისტემის სრულად დემონტაჟი. მინდა გავიხსენო მოსმენების, საარჩევნო სისტემის თემების ნახევრად გადაწყვეტა. ამ ხელისუფლების პრობლემა ის კი არ არის რომ რაღაცას აფუჭებს, უბრალოდ ბოლომდე ვერაფერს აკეთებს იმიტომ, რომ ნელი ტემპებით მოქმედებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანიტარული მიმართულებით მთავრობას აქვს ძალიან კარგი შედეგები – საყოველთაო დაზღვევა მაქვს მხედველობაში, ასევე ეფექტური რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში“, – განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი, ექსპერტი ზურაბ ბიგვავა “ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა ექსპერტი, ხელისუფლებას პიარს უწუნებს და აცხადებს,რომ საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. “ქვეყანაში არსებობს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის “ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურება. საზოგადოების წევრებს აქვთ სრული თავისუფლება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება ისე, რომ არ ეშინოდეთ ანგარიშსწორების. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მედია არის თავისუფალი, დღეს სახელმწიფო არ კარნახობს მედიასაშუალებებს რა და როგორ გააშუქონ. ასეთი ტენდენცია ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც კი შეშურდება. მსგავსი დემოკრატიული ვითარება საქართველოს არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გვქონია.
ვფიქრობ, მთავრობას პიარი სჭირდება, რომ მათ მიერ გაკეთებული საქმის შესახებ საზოგადოებამ უკეთ შეიტყოს“, – აცხადებს ზურაბ ბიგვავა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. მისივე თქმით, ასევე უნდა შეიცვალოს 2016 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო სია. ზურაბ ბიგვავას აზრით, გაიმარჯვებს თუ არა აღნიშნულ არჩევნებში კვლავ “ქართული ოცნება“, ეს დიდწილად სწორედ საარჩევნო სიაზე იქნება დამოკიდებული.