მოლდავეთი დნესტრისპირეთიდან რუსული არმიის გაყვანას მოითხოვს
მოლდავეთი დნესტრისპირეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და იქ საერთაშორისო სამოქალაქო მისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა ვალერი სტრელეცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მტკიცე პოზიციას მოლდავეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების და შეიარაღების გაყვანის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა სტრელეცმა. მისი თქმით, რუსეთის სამშვიდობო ოპერაციამ თავისი მანდატი შეასრულა და ახლა უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმირება სამოქალაქო მისიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ოქტომბერში დნესტრისპირეთის სამშვიდობო ოპერაციიდან 23 წელი სრულდება. კონფლიქტის ზონაში ამჟამად 900 რუსი და დნესტრისპირელი სამხედრო, 355 მოლდაველი ჯარისკაცი და ოფიცერი და 10 უკრაინელი დამკვირვებელი იმყოფება.