ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სირიაში მხოლოდ საჰაერო ოპერაციას განახორციელებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მხოლოდ ავიაიერიშებს განახორციელებს. ამის შესახებ პუტინმა ფედერაციის საბჭოს მიერ საზღვარგარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე დიდი ხანია რუსეთი თავის მტრად გამოაცხადა და ჩვენ „დასწრებაზე“ უნდა ვიმოქმედოთ. ეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ტერორისტების მხარეს სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე იბრძვის და „თუ ისინი სირიაში წარმატებას მიაღწევენ, შემდეგ თავის ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში დაბრუნდებიან“. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია სირიაში მიმდინარე კონტრტერორისტულ ოპერაციაში ამ ქვეყნის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე ჩაერთო.