გაეროში პუტინის გამოსვლის დროს უკრაინელებმა ქვეყნის დაცხრილული დროშა გაშალეს
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის დროს სხდომათა დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს. დროშა ქალაქ ილოვაისკიდან ჩამოიტანეს, როგორც სიმბოლო „რუსეთის აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ“. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ანა გოპკომ განაცხადა.
„ეს არის დონბასში ომის დროს დაცხრილული დროშა. ეს არის პუტინის აგრესიის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის ფასად გავაჩერეთ“, – განაცხადა გოპკომ.
მისივე თქმით, სატვირთო ავტომობილი, რომელზეც ეს დროშა იყო აღმართული ააფეთქეს, ხოლო მასში მყოფი უკრაინელი სამხედროები დაიღუპნენ.
დასახლება ილოვაისკში ერთი წლის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის რეგულარულმა არმიამ ალყაში მოაქცია. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინელებმა ალყა გაარღვიეს, ხოლო დასახლება პრორუსმა „ბოევიკებმა“ დაიკავეს. მოგვიანებით ამ ალყას „ილოვაისკის ქვაბი“ უწოდეს.