პუტინმა ობამასთან შეხვედრას „სასარგებლო და გულახდილი“ უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა. ეს პირველი ორმხრივი შეხვედრა იყო 2013 წლის შემდეგ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სირიის კრიზისი და ამ კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილეს, ასევე კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეხვედრას „სასარგებლო და გულახდილი“ უწოდა.
მოლაპარაკება დაგეგმილზე ორჯერ უფრო დიდხანს გაგრძელდა. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ნახევარი უკრაინის, ნახევარი კი სირიის თემას დაეთმო. თეთრი სახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბარაკ ობამამ გამოთქვა შეშფოთება მინსკში მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ კი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების გადაწყვეტილებით ჩაატარონ ადგილობრივი არჩევნები.
რაც შეეხება სირიის კრიზისს, ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა სირიაში სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობა. მისი თქმით, საკუთარი ბედი თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მონაწილეობა მიიღოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავაიერიშებში, მაგრამ, მისი თქმით, ეს უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონთან ბოლო დროს გართულებული ურთიერთობები გამოასწოროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები