საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს
აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 25 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა. „ბი-ბი-სის ცნობით, ოთხი ჯარისკაცი სომხეთის მხრიდან დაიღუპა და ერთი – აზერბაიჯანის მხრიდან. ოფიციალური ბაქო მდგომარეობის გამწვავებაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა მსხვილკალიბრიანი შეიარაღება, მათ შორის 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები გამოიყენა. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 74-ჯერ დაარღვია. მანამდე სომხეთის ოფიციალურმა წრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სარაკეტო – საარტილერიო ცეცხლის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ კი ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიის მხრიდან დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.