ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი შეინარჩუნოს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ამჟამად ავღანეთში შეირაღებული ძალების შენარჩუნების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონის ახალი დოქტრინის მიხედვით, ისლამურ რესპუბლიკაში შეიძლება 2016 წლის შემდეგაც რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დარჩეს. აშშ-ს არმიის გენერალმა ჯონ კემპბელმა, რომელიც ავღანეთში ოპერაციას ხელმძღვანელობს, პენტაგონსა და ნატოს რამდენიმე რეკომენდაცია გაუგზავნა. მათ შორისაა ავღანეთში 10 ათასი ჯარისკაცის და ოფიცრის დატოვება, კონტინგენტის შემცირება 8 ათასამდე ან განახევრება დღევანდელ რაოდენობასთან შედარებით. თუმცა განიხილება შეიარაღებული ძალების შემცირების დღევანდელი გრაფიკის შენარჩუნებაც.
ზოგიერთი ჩინოვნიკი შიშობს, რომ ჯარის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში ავღანეთის მთავრობა თალიბების და სხვა დაჯგუფებების „ბოევიკთა“ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია 2011 წლის შემდეგ, ერაყიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის მერე შეიქმნა. ამერიკული ჯარის გაყვანასთან ერთად იქ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
შეგახსენებთ, რომ „აისაფის“ მისიაში, ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები