მაიკლ ჩეჩირე: დასავლეთის პასიურობა საქართველოში პრორუს “შარლატანებს” აძლიერებს
“საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მაღალი შეფასება აქვს მიღებული. ბრძოლაში გამოცდილი, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 10 000-იანი ჯარი ნატოს ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესია”, – წერს გავლენიანი ამერიკეული გამოცემა Foreign Policy, რომელიც თბილისში, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას ეხება. სტატიის ავტორი თბილისში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას “სანუგეშო პრიზს” უწოდებს.
მაიკლ ჩეჩირეს მიაჩნია, რომ 2008 წელს ალიანსში გაწევრიანების შესახებ გაცემული დაპირების მიუხედავად, ნატოს ლიდერები ნათლად აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება.
“პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველოს ალიანსის მაღალ სტანდარტებთან მიახლოება არ შეუძლია, არამედ ის, რომ ნატო უარს ამბობს მკაფიო პასუხის გაცემაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა ალიანსში გაწევრიანდეს”, – წერს გამოცემა.
როგორც Foreign Policy აღნიშნავს, საქართველომ ავღანეთში უამრავი ჯარისკაცი გააგზავნა და ერთადერთი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს.
“საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მაღალი შეფასება აქვს მიღებული. ბრძოლაში გამოცდილი, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 10 000-იანი ჯარი ნატოს ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესია”, – წერს მაიკლ ჩეჩირე.
მისივე მოსაზრებით, ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხე გაიზრდება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც ნატო საქართველოსთან მიმართებაში თავშეკავებულ პოლიტიკას ატარებს. სტატიის ავტორი არ ეთანხმება სკეპტიკოსების მოსაზრებას, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს დაცვა სამხედრო თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება. მაიკლ ჩეჩირე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის დროს, ქართულმა სპეცრაზმმა რუსული ჯარების შეკავება შეძლო. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, ორივე მხრიდან დანაკარგი თითქმის თანაბარი იყო.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ომიდან მეშვიდე წლისთავზე დასავლელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ დღეს საქართველოს არმია გაცილებით უკეთესადაა მომზადებელი და უფრო ბრძოლისუნარიანია რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად. ივნისის თვეში, ფრანგული ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენით კი, საქართველომ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაზარდა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის დავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ტერიტორიების თაობაზე, არ არის ლეგიტიმური მიზეზი საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმისთვის. “თუ ალიანსი შიშობს, რომ ეს “გაყინული კონფლიქტები” ახალ ომს გამოიწვევენ, ყოველთვის შეიძლება მათი მეხუთე მუხლიდან ამოღება, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონებზე ნატოს თავდაცვითი ვალდებულებები არ გავრცელდება – ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ეს რეგიონები საქართველოს მშვიდობიანი გზით არ მიუერთდებიან”, – წერს გამოცემა. მაიკლ ჩეჩირე სტატიაში აღნიშნავს, რომ დასავლეთის პასიურობა საქართველოში პრორუს “შარლატანებს” აძლიერებს, რომლებიც დიდი ხანია აცხადებენ, რომ ნატო აუხდენელი ოცნებაა. ავტორი საქართველოში ჩატარებულ იმ გამოკითხვასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულ რესპონდენტთა 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, მაშინ როცა 2013-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11 %-ს შეადგენდა. ჩეჩირეს მოსაზრებით, თუ ნატო 2016 წელს ზომებს არ მიიღებს, საქართველოს სარეზერვო გეგმა დასჭირდება. როგორც Foreign Policy წერს, უკრაინაში მიმდინარე ომმა შეამცირა რუსეთის მიერ საქართველოში ახალი შეჭრის შანსი, რაც “კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, გააძლიერონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა”. “ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად მოჰყავთ სინგაპურის, ისრაელისა და შვეიცარიის როგორც პატარა, წარმატებული ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც წარმატებას, ძლიერი სახელმწიფოების გარემოცვაში ყოფნის მიუხედავად, მიაღწიეს. თბილისს შეუძლია, ამ მაგალითებს მიბაძოს და მიიღოს “ტოტალური თავდაცვის” დოქტრინა, რომელიც სახელმწიფოს სრული სპექტრის თავდაცვით მზადყოფნას გულისხმობს და, რომელიც ამ სამივე ქვეყანას აქვს მიღებული. პოზიციების უსაფრთხოების სამომავლო უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს გარეთ. ის, რომ ნატოს პარალელურად, საქართველო ცდილობს, მყარი ურთიერთობა აშშ-სთანაც დაამყაროს – კარგი დასაწყისია. საქართველოსთვის “ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის” სტატუსის მინიჭება იქნებოდა ძლიერი გზავნილი აშშ-დან. ამ ნაბიჯს უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა და აშშ-ს რაიმე სამოკავშირეო ვალდებულება არ დაეკისრებოდა, თუმცა ეს დაეხმარებოდა ფრთხილი ქართველების გამოცოცხლებაში. თბილისმა ასევე, უნდა განავითაროს კავშირები ჩინეთთან, რომელსაც უდიდესი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც საკვანძო ხიდის მიმართ ახალი, აბრეშუმის გზის სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნის შექმნაში. საერთაშორისო სანქციებითა და საწვავზე ფასების დაკლებით დასუსტებული მოსკოვი სულ უფრო ხდება დამოკიდებული პეკინის კეთილ ნებაზე. საქართველომ უნდა გამოიყენოს ჩინეთის წამყვანი პოზიციები როგორც ერთ-ერთი ხერხი რუსეთის ავანტურიზმის პრევენციისთვის”, – წერს სტატიის ავტორი. სტატიის ავტორის მოსაზრებით, თბილისმა საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც არა მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს, როგორც ნატოს კანდიდატს.