ობამა და პუტინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ
უკრაინაში არსებული ვითარება ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემაა. მოლაპარაკება მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა დაადასტურა. მისი თქმით, შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება და მისი ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თავის მხრივ, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა სირიის კრიზისი იქნება, ხოლო უკრაინის თემას იმ შემთხვევაში განიხილავენ, „თუკი ამისთვის დრო დარჩა“.
მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ობამას შეხვედრა ორშაბათს, 28 სექტემბერს გაიმართება.