საუდის არაბეთში ჭყლეტაში დაღუპულთა რაოდენობამ 450-ს გადააჭარბა
საუდის არაბეთში ჭყლეტაში დაღუპულ მომლოცველთა რაოდენობა 453 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე იტყობინება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 200 დაღუპულის და 400 დაშავებულის შესახებ. ამჟამად დაშავებულთა რაოდენობა 719-მდე გაიზარდა.
ჭყლეტა დასახლება მინაში მექასთან ახლოს მოხდა, სადაც მომლოცველები წმინდა რიტუალს ასრულებდნენ.
დაშავებულების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მთლიანად მექაში მუსულმანებისთვის წმინდა რიტუალის შესასრულებლად მილიონზე მეტი ადამიანია ჩასული.
მექაში ჭყლეტის შედეგად ტრაგედიები ადრეც მომხდარა. 1990 წელს მექის ერთ-ერთ გვირაბში ჭყლეტის შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა.