„ღიმილიანი ოდესა“ – სააკაშვილი ამჯერად უფასო პროთეზებს ოდესელებს ჰპირდება

„ღიმილიანი ოდესა“ „ღიმილიანი საქართველოს“ შემდეგ. საქართველოს ექსპრეზიდენტი უფასო პროთეზებს ამჯერად ოდესელებს ჰპირდება.
ოდესის გუბერნატორმა ნახევარი მილიონი ცალი პროთეზი ერთ-ერთი სამეცნიერო დაწებულების საწყობში აღმოაჩინა და პრესკონფერენციაზე გაჭირვებულებისთვის სტომატოლოგიური დახმარების პირობა დადო.
„ჩვენ საწყობში 550 ათასი კბილის პროთეზი აღმოვაჩინეთ. მე ხშირად დავდივარ სოფლებში, სადაც ადამიანებს პირის გახსნის ერიდებათ, რადგანაც კბილები არა აქვთ. თურმე მათთვის საწყობში კბილები არსებობს. ჩვენ მათ კბილებს უფასოდ ჩავუსვამთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გამოცემა Times-ის ინფორმაციით, ბევრ ადამიანს ამან სოციალური კამპანია „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობისას წამოიწყო და ვერ დაასრულა, რის შედეგადაც ბევრი მოხუცი კბილების გარეშე დარჩა.
„ღიმილიანი საქართველო“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, აღარ გაგრძელდა. Times-ის სტატიის ავტორი მკითხველს პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ერთ-ერთი მონაწილის დარიკო ახვლედიანის კომენტარსაც სთავაზობს – „მე 15 კბილი ერთ დღეში ამომაძრეს. მითხრეს, რომ ღრძილები უნდა დავასვენო, ვიდრე პროთეზებს ჩავსვამთ. მას შემდეგ ჩემი ღრძილები ისვენებს“.
ქართველები სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელი კამპანიის შესახებ უკვე ხუმრობენ და ოდესელებს წარმატებას უსურვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები