„ბლუმბერგი“ – რუსულმა ავიაციამ შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბოს
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შესაძლოა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების დაწყების შესახებ ბრძანება აშშ-სთან შეთანხმების გარეშე მიიღონ. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. სააგენტოს ინფორმაციით, კრემლი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ აშშ რუსეთთან და ირანთან თავისი მოქმედების კოორდინაციაზე უარს განაცხადებს.
მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კატარში ვიზიტის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემის მოგვარების ზოგიერთი დეტალი გააჟღერა. კერძოდ, მოსკოვი ფართო ანტიტერორისტული ფრონტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც სირიის და ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთი მოხალისეები შევლენ. ფაქტობრივად ამით ლავროვმა აშშ-ს და დასავლეთს სირიის სათავეში პრეზიდენტ ბაშარ ასადის დატოვება შესთავაზა. ვაშინგტონმა ეს წინადადება არ მიიღო.