მოსკოვში ევროპაში უდიდესი მეჩეთი გაიხსნა
რეკონსტრუქციის შემდეგ მოსკოვში გაიხსნა მეჩეთი, რომელიც, რუსული მედიის ინფორმაციით, ევროპაში უდიდესია. ცერემონიას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ასევე რუსეთის მუსულმანთა ლიდერი რავილ გაინუტდინი.
გაინუტდინის განცხადებით, მშენებლებმა არა მარტო აღადგინეს მეჩეთის ისტორიული სახე, არამედ ექსკლუზიური ელემენტებიც შეიტანეს – ესენია მინბარი, მინარეთი, ასევე მუსულმანი მხატვრების მიერ შესრულებული ჩუქურთმები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს და მოსკოვის მერს – სერგეი სობიანინს თურქეთიდან მოსკოვში მეჩეთისთვის აუცილებელი მასალების მიწოდებისას საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა.