„ვიყოთ თავისუფლები შინაგანად და ყველაფერი კარგად იქნება…“

„მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი. ეზოში სპექტაკლებს ვდგამდი. ვყიდდი ბილეთებს. მაგრამ, როგორც ყველა ქართველი მშობელი, ჩემი მშობლებიც წინააღმდეგები იყვნენ. მხატვარი თემო გოცაძე ბიძაჩემია. ჩემი ნახატები რომ ნახა, მოეწონა და მშობლებს შესთავაზა, მასთან წავსულიყავი. ასე გავხდი კულტურის ინსტიტუტის სტუდენტი, სადაც საეკლესიო მხატვრობის პორტრეტის ფაკულტეტი დავამთავრე. უნიჭო არ ვიყავი, მაგრამ არც დიდი სურვილი მქონდა, მხატვარი გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვახატავდი. ზეთის საღებავები რომ არ მქონდა, მე თვითონ ვამზადებდი. მეხუთე კლასში ვიყავი, საჭმლის ზეთში გუაშები მოვხარშე. მართალია, ეს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზეთის საღებავების მოთხოვნილება დავიკმაყოფილე…“- ხელოვანი ნანუკა გოცაძე.11998062_926028324112887_1544019830_n

– ფერწერა…
– მე ვთვლი, რომ რაღაცები არ უნდა გავართულოთ. არის რამდენიმე „ოქროს წესი“, რომელიც ხატვის დროს, ფერწერის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იცოდე, მაგრამ მე ძალიან ჩვეულებრივი მიდგომა მაქვს. ფერს განწყობის მიხედვით ვირჩევ. დაძაბული არასდროს ვარ და ბევრი ფიქრიც არ მიწევს. არასდროს მქონია სურვილი, ჩემი ნამუშევრები ნაცრისფერი, ყავისფერი, მუქი ყოფილიყო. მათში ბევრი და უფრო ნათელი ფერებია. თუმცა, რომ ვაკვირდები, როგორი პერიოდიც მაქვს, როგორ გუნება-განწყობაზეც ვარ, ნამუშევრებიც ისეთია. ჩემი განწყობა შემოქმედებაში მკვეთრად გამოიხატება. არცერთი კომერციული ნახატი არ მაქვს. ყველა განწყობის მიხედვით დაიხატა.
– სამუშაო გარემო…12007050_926028320779554_785184351_n
– ბევრი ხალხი და ზუზუნი არ უნდა იყოს. თუმცა გააჩნია, რას ვაკეთებ და როგორ ხასიათზე ვარ. შეიძლება იყოს ვინმე და არ შემაწუხოს. უბრალოდ, არ უნდა მეკონტაქტოს. არ მაქვს აკვიატებები, რომ მუშაობის დროს არავინ არ უნდა მიყურებდეს. საკმარისია მინიმალური ბახუსი. ხატვისთვის განსაკუთრებული გარემოებები არ მჭირდება.
– ინსპირაციის წყარო…
– კონკრეტული არაფერი. ადრე ემოცია მოქმედებდა. ახლა, აღარაფერი აღარ მოქმედებს. არის ნამუშევრები, რომლებიც ისე, უბრალოდ იბადება. მოსამზადებლზე რომ ვიყავი, ტილოს დასაგრუნტი საშუალება არ მქონდა. წებოსთან ერთად პურის ფქვილი მოვხარშე და „შპაკლი“ შევურიე. ბოლეროს მოცეკვავე გოგო დავხატე. დინამიკური ნამუშევარი გამოვიდა. ხუთი წლის წინ ძალიან მჭირდებოდა თანხა და 150 დოლარად გავყიდე. დღეს იმ ნახატში ჩემს მეგობარს 2000 დოლარს აძლევენ და არ ყიდის.
– პორტრეტები…12016523_926028334112886_1107015654_n
– ისინი ჩემი ადამიანები არიან. ვხატავ, ისეთებს, როგორსაც იმ წუთში ვხედავ მათ. არ მაქვს შინაგანი მოთხოვნილება, ვინმე კონკრეტული ადამიანი დავხატო. ბოლო პერიოდში რასაც ვხატავ, ძირითადად, სახე არცერთს არა აქვს. ისეთი გარემოა, რომ ადამიანებს ფაქტობრივად სახე დაეკარგათ. ძალიან ბევრი სიყალბეა და ღრმა ჩახედვა არ მინდა. მარტივად ვუყურებ და მათ სახეების გარეშე ვხატავ. ქუდიანი ქალების სერიაში აქცენტი, ძირითადად, ორნამენტებზე და ფერებზეა გაკეთებული. ასეთი სამი ნამუშევარია და ერთ-ერთი მათგანი ორსული ქალია, რომელიც 21-ე საუკუნის სახედაკარგული ქალია. ვიტყოდი, რომ ამაზე განსაკუთრებული და ღირებული ჩემს შემოქმედებაში არაფერი არსებობს. ყველაზე საუკეთესოა. თემატური და ღრმაა.
– ავეჯი…12025310_926028337446219_1667709436_n
– აბსოლუტურად ყველა საქმეს ვაკეთებ, რასაც არ უნდა აკეთებდეს ქალი. ხომ არიან ქალები, რომლებსაც უნდათ ისწავლონ მაკიაჟი, პედიკური, მე მინდა ვისწავლო შედუღება, რომ რკინის უზარმაზარი საყრდენი კონსტრუქცია გავაკეთო. მომწონს ისეთი სამუშაო, სადაც ფიზიკურად ვიხარჯები.  გადავწყვიტე სახლისთვის ავეჯი დამემზადებინა, მაშინ, როცა ძალიან მოდაში შემოვიდა ვინტაჟი. ყველამ ვიცით, რომ ხე ძალიან ძვირი ღირს. სახლში აღმოვაჩინე ძველი დიდი კარადები, „გავშკურკე“, დავაზუმფარე, მოვაცილე ლაქი, არავინ მითხრა, რომ ლაქის მოსაცილებელი სპეციალური სითხე არსებობდა, ასხამ და ფანტელებით ცვივა. მერე შევღებე და თავიდან „გავშკურკე“, გავაკეთე ორნამენტირება, დეკუპაჟი და ისეთი მაგარი გამოვიდა, რომ სამჯერ მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში მე და ჩემმა ავეჯმა.
– სანათები…
– სანათებს საავტორო მასალისგან – ცოცხალი მცენარეების, ორმაგი პერგამენტის და კანაფისგან ვაკეთებ.  სანათების იდეა მამაჩემს და ჩემს ყოფილ მეუღლეს ეკუთვნით. ერთიანი ძალებით შევქმენით მასალა. მსგავსი არსად არ მინახავს და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენია, რომელიც მერე დავაპატენტე, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც დიმიტრიმ მოინდომა მსგავსი რაღაცის გაკეთება და ძალიან შემეშინდა. ცხოვრებაში პირველად დამეუფლა შეგრძნება, რომ ჩემი ხელით ნახელავს მართმევდნენ.
– ზარდახშები, ინტერიერი…12025434_926028327446220_2017339751_n
– როცა მეუბნებიან, რომ მე ინტერიერის დიზაინერი ვარ, ძალიან მრცხვენია, რადგან ასე არ არის. ზოგადად, ასეთი პროფესია არ არსებობს. ის მოიგონეს სამსახურის გარეშე დარჩენილმა არქიტექტორებმა. თუმცა მაინტერესებს ინტერიერის დიზაინიც, გამიკეთებია და კარგად გამოსულა.
ზარდახშებს მერქნის ანათალით ვაკეთებ, რომელიც ჩინეთიდან ჩემს მეგობრებს ჩამოაქვთ. ეს არის დაახლოებით 2მმ სისქის ფირფიტები. არის მაკაგონი, მუხა, წაბლი და არის ყველა ფერი, რაც მინდა. მოაქვთ ჩემთან და ვყიდულობ. ზარდახშას ვაკეთებ ფანერით, მერე ვაკრავ ამ ყველაფერს და მოზაიკის პრინციპით ვაწყობ. ყველა ზარდახშა სხვადასხვანაირია. ორი ერთნაირი არ არსებობს. არც მინდა არც გამოვა.
– ყველაზე საინტერესო პროექტი…12041702_926028317446221_478758402_n
– რომ არ მოგატყუოთ, მე არასდროს ვმუშაობ იმაზე, რაც არ მსიამოვნებს. მაგრამ ახლა, ვმუშაობდი სერიალისთვის „ჩვენს გვერდით“, რომელსაც TV11-მა და ღამის შოუს სტუდია ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ იღებდნენ. 1200 კვ სრულიად ცარიელი სივრცე მე და დამდგმელმა მხატვარმა ნანი ამირანაშვილმა დავაპროექტეთ. ორთვე ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ჩვეულებრივად ელიავას ბაზრობის ხელოსნებივით. ამ პროექტზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე ძალიან მინდა და მსიამოვნებს. მიწევს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ამ საქმეში გამოცდილები არიან. ვანო ჭელიძე ხომ მთელს თბილისში დეკორაციის მამაა. ბევრი ვისწავლე და დიდი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია, მაქსიმალური თავისუფლება მაქვს, არავინ არ მზღუდავს. შენი ფანტაზიის მაქსიმუმს აკეთებ და იხარჯები ფიზიკურად, ეს ყველაზე მაგარი „კაიფია“ დედამიწაზე. ამ პროექტზე მუშაობა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დამაწყებინა და თან მითხრა: – შენ ახლა ხვდები იმ გარემოში, რაც ზუსტად შენია. ამიტომ ყოველ კვირა უნდა დამირეკო და მადლობა მითხრა.
– გამოფენები…12042153_926028330779553_393988977_n
– 2002 წლიდან 2007 წლამდე იყო პერიოდი, როცა საერთოდ არაფერი გამიკეთებია. რატომღაც ორი ნამუშევარი დავდე ფეისბუქზე და კულტურის ცენტრ „მუზას“ პიარი ნუკა ლეჟავა დამიკავშირდა და გამოფენაში მონაწილეობა შემომთავაზა. მაშინ ფული არ მქონდა და ვისესხე, რომ რაღაცები გამეკეთებინა. სამდღიანი ძალიან წარმატებული გამოფენა გვქონდა. ბევრი რაღაცები გაიყიდა და ბევრი შეკვეთაც მივიღე.
საერთოდ, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, რადგან მისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო. აგრეთვე, საჭიროა დიდი რაოდენობით ნივთები, რომ დარბაზი გაავსო და დრო, რომელიც მე არ მაქვს. ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას კი აღარ მივიღებ. ჩვენ გაუმაძღარი და თავხედი ადამიანები ვართ, რატომღაც ყველა დირექტორებად ვიბადებით, ვიცით საქმე, თუ არ ვიცით, ყველაფერს ვეპოტინებით და ვაკეთებთ. არავინ საქმის კეთება არ იცის და ყველას უნდა სათავეში იჯდეს. ორგანიზატორი რომ იყო, უნდა გყავდეს დიდი სანაცნობო წრე და შენს სიტყვას პატივს სცემდნენ, უნდა იცოდნენ, რომ კარგს გააკეთებ და ღირს მოსვლა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ვინც გამოფენა გააკეთა, ყველა კრახით დამთავრდა. მოდიან მხოლოდ ჩვენი ნათესავები, რომლებმაც დიდი ხნის წინ ნახეს ეს ნამუშევრები და არ აინტერესებთ, მყიდველი კი რეალურად არ არის. ასე წინ ვერასდროს წავალთ.
– ჩვენი სინამდვილე… 12047431_926028307446222_1819450277_n
– სამწუხაროდ, არც საზოგადოების მხრიდან არის ინტერესი. ჩვენ სერიოზული კრიზისი გვაქვს. როდესაც ადამიანი გადარჩენაზე ფიქრობს, რომ მშიერი არ მოკვდეს, ძალიან რთულია სულიერ საზრდოზე ფიქრიც. კულტურის სამინისტრომ გამოყოფილი თანხა ვერ დახარჯა და უკან დააბრუნა. მაშინ, როცა ქვეყანას ამდენი ნიჭიერი მხატვარი ჰყავს, რომლებიც გამოფენებს იხვეწებიან. საუბედუროდ, არსებული მდგომარეობა არავის არ აინტერესებს, არც მთავრობას, არც ერს, არც ბერს. საქართველოში როგორი დროც არ უნდა მოვიდეს, არაფერი არ შეიცვლება. ჩვენთან ძალიან ბნელა. დავჩაჩანაკდით და სულ უფრო უკან მივდივართ.
მე, სწორედ, ჩემმა შემოქმედებამ მომიტანა სულიერი თავისუფლება. ვარ ძალიან ბედნიერი, როგორიც ვარ, არ მჭამენ კომპლექსები იმის, რა ჩავიცვა ხვალ, რა ვჭამო. ჩემი ტვინი, გული და აბსოლუტურად ყველაფერი მემორჩილება მე. უბრალოდ, აუცილებელია, იყო სულიერად თავისუფალი და არ იყო დაძაბული სისულელეებით.
ამიტომ, მინდა იყოს ბევრი ბედნიერების ღიმილი. ბევრი ფერადი ტანასცმელი საზოგადოებაში, რომელიც ჩვენს განწყობას გამოხატავს. გავხდეთ ფერადი ადამიანები და არ ვიყოთ ბოროტები.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები