შალვა პაპუაშვილი – გაეროს რეზოლუციაზე: ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი
“ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, რადგან ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა.
„მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი. ასევე, მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და ის, რომ ეს არ შეიცვალოს უარყოფითისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, თუმცა, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად. მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.