„ყველა ადამიანი თავის შემოქმედებაში საკუთარ თავს დებს…“

„ბავშვობაში ვხატავდი, მაგრამ ვთვლიდი, რომ იმდენი მონაცემი არ მქონდა, პროფესიულ გზას შევდგომოდი. გარდა ამისა, ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნების ისტორია. მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა მხატვრების, ფერწერის შესახებ, ახლოს ვყოფილიყავი ხელოვნებასთან და დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სპეციალობას ბოლო დროს უფრო დავუახლოვდი, ვთვლი, რომ ბევრ რამეში მეხმარება, ის ჩემთვის ერთგვარი შთაგონების წყაროა ცხოვრებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ნებისმიერ საქმეში ვცდილობ, შემოქმედებითი საწყისებით ვიმოძრაო…“ – ხელოვნებათმცოდნე ირენ მახარაძე.11215714_925428097506243_3800743300457812120_n

– პოლიმერიული თიხა…
– თავიდან, შვილთან ერთად გართობით დავიწყე. უყვარს ძერწვა. სახლში თეთრ თიხაში მუშაობდა და სამი წლის წინ ფერადი თიხა ამოიჩემა. ინტერნეტში ძიების დროს ფერადი პოლიმერული თიხა აღმოვაჩინეთ. ჩვენთვის მართლა აღმოჩენა იყო, რადგან საქართველოში ადვილი ხელმისაწვდომი არ იყო. გამოვიწერეთ, გავაკეთეთ ბავშვის სათამაშოები და ძალიან მოგვეწონა. მე ძალიან მიყვარს სამკაულები და ისინი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვფიქრობ, სამკაული ქალის განწყობას გამოხატავს. გადავწყვიტე პოლიმერიული თიხისგან ჩემთვის გამეკეთებინა. თვითონ მასალა გაძლევს შესაძლებლობას, გააკეთო ისეთი სამკაული, როგორიც გინდა, როგორსაც სიამოვნებით ატარებ. ამასთან, კარგი საშუალებაა, გაუკეთო განსაკუთრებული საჩუქარი ახლობელ, საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს და გაახარო.
– საინტერესოა მინიატურული წიგნები…11219220_925428167506236_6913601774417094231_n
– ინფორმაციას პოლიმერული თიხის დამუშავების შესახებ, ინტერნეტში მე თვითონ ვეძებდი და ვკითხულობდი. აგრეთვე, იუთუბის საშუალებით ვნახულობდი ვიდეოებს და მივხვდი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, თვითონ ისწავლოს. არანაირი სირთულე არ არის. ვნახე ასევე, მინიატურული წიგნები და ძალიან მომეწონა, საინტერესო გამოვიდა. თითქმის ერთი წელი ვიმუშავე წიგნებზე და ბლოგზე დავდე ფოტოები. დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან, მივიღე შეკვეთებიც და თავისით აეწყო ყველაფერი.
საერთოდ, თვითონ მასალას ბევრი შესაძლებლობა აქვს. სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. არის პლასტელინივით მარტივი ძერწვა, შეიძლება ფერთა შერევა ისე, რომ მოზაიკის ეფექტი მივიღოთ, შეიძლება სხვადასხვა სახის მასალის, მაგალითად, მეტალის შერევა, შეგიძლია გააკეთო სხვადასხვა მასალის იმიტაცია. ადამიანს როგორი განწყობაც გაქვს, მასალა თვითონ მოგყვება. საინტერესო მასალაა. რაღაცით მინანქარსაც ჰგავს. ბუნებრივ მასალას აქვს დამატებული სხვადასხვა ქიმიური შენაერთი, იძერწება, ცხვება ღუმელში, შეგიძლია დაამატო აკრილის საღებავი, მოხატო, გააცოცხლო და მინანქრის ეფექტი მიიღოთ.
– რა მოგიტანათ თქვენმა შემოქმედებამ?11249845_925428170839569_1214918645114575850_n
– სიხარული, რომ ჩემი საქმე მაქვს. აგრეთვე, დამატებითი შემოსავლის წყაროა, რაც ვფიქრობ, ქალისთვის ძალიან კარგია. ახალი იდეები. უფრო ყურადღებიანი გავხდი და სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს, რაც პირდაპირ იმპულსს მაძლევს ახალი ნივთის შესაქმნელად. ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. თავისუფალი სივრცე შეიქმნა ჩემთვის. დამოუკიდებელი ვარ, როცა მინდა მაშინ ვმუშაობ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ეს ძალიან დიდი კომფორტია. გარდა იმისა, რომ უნდა მოგწონდეს, გიყვარდეს, რასაც აკეთებ და გქონდეს ინტერესი, ჩემთვის დიდი სტიმული იყო საზოგადოების მხრიდან ინტერესი. მომწონს შეკვეთებზე მუშაობაც, ბევრ ახალ რაღაცას ვიგებ. მართალია, ხელს მიშლის სტილის შენარჩუნებაში. ნამუშევრებს რომ ვუყურებ, სტილისტურად ცოტა არეულია, მაგრამ ისეთ რამეს მაინც ვერ გავაკეთებ, რასაც მე თვითონ არ გავიკეთებ, არც გამომივა, რაც ჩემთვის საინტერესო არ არის. შეკვეთაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. რაც მთავარია, ყოველთვის გულწრფელი ვარ ნამუშევრების შექმნის დროს. ამიტომ, კმაყოფილი და მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს. მათი ემოციები ახალი და დადებითი ენერგიით მავსებს.
– გამორჩეული ნამუშევრები…11986564_925428050839581_1120749215995961391_n
– ჩემი საყვარელი მხატვრების ფრაგმენტები გადამაქვს ბეჭდებზე. გადმოვიტანე დომენიკო გირლანდაიოს გოგოს პორტრეტის ფრაგმენტი და ძალიან მომწონს. სიამოვნებით ვატარებ.
– სამუშაო გარემო…
– რეალური გარემო, რა თქმა უნდა, სახელოსნოა, შენთვის მარტო იმუშაო, მაგრამ სახლში ისე გვაქვს სამუშაო საათები აწყობილი, უფროსებიც და პატარებიც ხელს არ ვუშლით, პირიქით, ვეხმარებით ერთმანეთს. ვთვლი, რომ ერთად მუშაობა კარგია, ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.
– საბავშვო ხელოვნების სტუდია ART EAST
– პირველი ვარ, ვინც ბავშვებთან გასულ წელს პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დავიწყე. 6-12 წლის გოგო-ბიჭები მოდიან და ძალიან მოსწონთ. გოგოების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია, სამკაულებს, პატარა მინიატურულ ფიგურებს, სათამაშოებს, საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟებს და ზღაპრის გმირებს აკეთებენ.
– ღვინის ფესტივალის პროექტის მენეჯერი ხართ…12002778_925428140839572_3981436785472601632_n
– დიახ და ძალიან მომწონს ამ პროექტში მუშაობა. პირადად მე ამ ფესტივალმა კარგი ღვინის გემო მასწავლა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე ოჯახური და სხვადასხვა კომპანიის ღვინოებია თავმოყრილი და წარმოდგენილი. საინტერესოა შერჩევის პროცესი, ხალხთან ურთიერთობა. დიდი გამოცდილება მივიღე და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. წელს მდებარეობა შევიცვალეთ, დედა ენის ბაღში ჩავატარეთ ფესტივალი. ეთნოგრაფიული მუზეუმის გარემო ფესტივალისთვის კარგი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მონაწილეებს ვეღარ იტევდა, ბევრ ადამიანს უარს ვეუბნებოდით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ღვინის ფესტივალისთვის, პოლიმერიული თიხისგან პატარა ქვევრები გავაკეთე, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მზევინარ ხუციშვილი

12011159_925428134172906_6908363116426176228_n

12027641_925428100839576_7834592017819770663_n

12032209_925428160839570_6281842475806733935_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები