თურქეთში ბიზნესმენთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასოციაციის (TUSIAD) წევრი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ ოთხშაბათს ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელის, კომპანია Boydak Holding-ის წარმომადგენელი მემდუჰ ბოიდაქი დააკავა. ეს კომპანია ქვეყნის ყველაზე დიდ ბიზნესასოციაციაში (TUSIAD)-ში შედის.
უმსხვილესი კომპანია AlarkoHolding-ის მეპატრონე ისაკ ალათონი კი იმ ბიზნესმენებს შორის აღმოჩნდა, რომლის წინააღმდეგ ანკარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
თურქეთის ქალაქ კაისერიში ბოიდაგთან ერთად კიდევ 8 ბიზნესმენია დაკავებული. თურქულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა Boydak Holding-ის ხელმძღვანელობას „თანამშრომლობა და გვერდში დგომა“ შესთავაზა, კომპანიის ხელმძღვანელობამ კი მას უარი უთხრა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჰოლდინგზე ზეწოლა.
BoydakHolding-ის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (TUSIAD) განცხადება გამოაქვეყნა. თურქი ბიზნესმენები მემდუჰ ბოიდაქის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„მემდუჰ ბოიდაქი ბიზნესსექტორში ცნობილია, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე, პატივსაცემი და ღირსეული წევრი. მისი და სხვა ბიზნესმენების მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენს აღშფოთებას იწვევს. ეს დევნა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.