უნდა გათავისუფლდეს თუ არა გიგი უგულავა საპატიმროდან დღესვე – იურისტის განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს გიგი უგულავასთვის საპატიმროს კარის გაღებას და გათავისუფლებას, – ამის შესახებ „კვირას“ პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.
იურისტის განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს არ აქვს უფლება, გაუღოს კარი გიგი უგულავას და გაათავისუფლოს ციხიდან, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა მიიღოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, იგი გაათავისუფლებს კონკრეტულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში, გიგი უგულავას.
მისი შეფასებით, უგულავას მხარდამჭერების მოთხოვნა, ამ ეტაპზე, არ შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო.
როგორც გიგუაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე შედის კანონიერ ძალაში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირის გათავისუფლების ან დაპატიმრების თაობაზე. მისი თქმით, ამ საქმის შემთხვევაში, უგულავას ადვოკატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართონ და გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვონ, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ეს ერთგვარი სამართლებრივი კაზუსია, როდესაც ერთი მხრივ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, მაშინვე შედის კანონიერ ძალაში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო თავისთავად არ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირის გათავისუფლების ან დაპატიმრების თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია მდგომარეობს კანონის განმარტებაში. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომელიც ზოგადად, პირის 9-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა დაინტერესებულ მხარეებს, ამ შემთხვევაში, გიგი უგულავას ადვოკატებს, შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კანონის განმარტების საფუძველზე საქალაქო სასამართლოს, როგორც პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მოითხოვონ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, დააყენონ შუამდგომლობა და აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, მოითხოვონ გიგი უგულავას გათავისუფლება პატიმრობიდან, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ეს არის მთელი ამ სამართლებრივი ლაბირინთების ლოგიკური ახსნა და გამოსავალი.
უგულავას მხარდამჭერების მოთხოვნა, ამ ეტაპზე, არ შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო. ვიმეორებ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა კანონი.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, 2012 წლის ამნისტიისას, პატიმრებს 1/4-ით შეუმცირდათ ვადები, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას იმ დღესვე ეხებოდა 1/4-ით შემცირებიდან გამომდინარე გათავისუფლება, სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითონ ხომ არ დაიწყებდა კალკულაციას?! ამიტომ ამ საკითხებზე ყველა განაჩენი გადახედილი იქნა სასამართლოების მიერ. ვიდრე სასამართლოებმა ინდივიდუალურად არ შეისწავლეს თითოეული საქმე და ახალი გარემოებების გათვალისწინებით არ გამოიტანეს ახალი განაჩენი, არც ერთი პატიმრისთვის ამნისტიის შედეგად ავტომატურად არ გაუღიათ კარი და არ გათავისუფლებულან ციხიდან. სწორედ ეს ხდება დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხდა, რომ ნორმა, რომლის მიხედვითაც არა მარტო გიგი უგულავა, სხვა პატიმრებიც იმყოფებიან 9-თვიან წინასწარ პატიმრობაში, უკანონოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათთვის კარების დღესვე, გადაწყვეტილების გამოტანისთანავე გაღებას, არამედ ამას სჭირდება სასამართლო მექანიზმის გზით შესაბამისი მოქმედება. დანარჩენი ყველა განცხადება არის პოლიტიკური სპეკულაცია, რისი უფლებაც, ცხადია, უგულავას მხარდამჭერებს აქვთ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს არ აქვს უფლება გაუღოს კარი გიგი უგულავას და გაათავისუფლოს ციხიდან, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა მიიღოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება, რომელის საფუძველზეც იგი გაათავისუფლებს კონკრეტულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში გიგი უგულავას”, – აცხადებს „კვირასთან“ ამირან გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კონკრეტულად კი, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქის ყოფილი მერის  ადვოკატები და მხარდამჭერები ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეიკრიბნენ და გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები