ახმეტაში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ახმეტაში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი, ასევე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
„საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.
დასკვნით ღონისძიებაზე ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.
წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.