მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ფარმაცევტული სფერო არის სფერო, სადაც ალბათ ყველაზე ხშირად გამოითქმის ფასების ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით საყვედურები
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის 560 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, ფარმაცევტული სფერო არის ის სფერო, სადაც ალბათ ყველაზე ხშირად გამოითქმის ფასების ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით და კონკურენციის ნაკლებობასთან დაკავშირებით საყვედურები. ეს, ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ბოლო ხანებში, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ, რომ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯები ამ თვალსაზრისით, ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა რასაკვირველია, მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა სიგნალებს საიმისოდ, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია საიმისოდ, რომ რეალურად, სამართლიანი ფასით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს ქართველ პაციენტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ის მანკიერებები, რომელიც ამ შესწავლამ გამოავლინა, მათ შორის, ისეთი კატეგორიის ხარჯების შეყვანა ფასნამატის სახით, ფასის წარმოქმნის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ეს არის ის, რისთვისაც უნდა იყოს მოწოდებული კანონმდებლობა, რომ ითვალისწინებდეს ასეთი შემთხვევებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას. მომავალში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იმ მიმართულებით მუშაობა, რაც ნიშნავს, მათ შორის, რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტად ქმედითი რომ გახდეს, შეიძლება მოცვის გაფართოებაზე ვისაუბროთ და ა.შ. მაგრამ, ალბათ მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია სახელმწიფოს მხრიდან,“ – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.