ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი, ღაზას სექტორის სრული ოკუპაციის შესაძლებლობას განიხილავს “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, – ინფორმაციას, ადგილობრივი მედია და მთავრობის წყაროები ადასტურებენ.
ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამას “ჰამასის” განადგურებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაჯგუფების მიერ კვლავ დაკავებული მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
ცნობების თანახმად, სამხედროების მეთაურები და ზოგიერთი მინისტრი არ ეთანხმებ! ამ მოსაზრებას, თუმცა არსებობს გაფრთხილებები, რომ ეს ნაბიჯი, შეიძლება, მძევლებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
გაერო-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება „კატასტროფული შედეგების“ რისკის ქვეშ დადგება.
გაერო-ს მაღალჩინოსანმა, მიროსლავ იენჩამ ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა.
ცნობების თანახმად, გეგმა თავდაპირველად ღაზას ქალაქის სრული კონტროლის აღებასა და მისი ერთი მილიონი მაცხოვრებლის სამხრეთით გადასახლებაზეა ორიენტირებული. ძალები ასევე გააკონტროლებენ ღაზას ცენტრში მდებარე ლტოლვილთა ბანაკებსა და იმ ტერიტორიებს, სადაც, სავარაუდოდ, მძევლები არიან დაკავებულნი.
როგორც მედია იუწყება, მეორე შეტევა რამდენიმე კვირის შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის პარალელურად განხორციელდება.
როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ერთეულები მზადყოფნაში არიან, თუმცა, საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაცემულა.