WhatsApp-მა წლის პირველ ნახევარში 6.8 მილიონი ანგარიში დაბლოკა, რომლებიც დაკავშირებული იყო სკამერებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს ესხმოდნენ თავს,- ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა Meta-მ განაცხადა.
Meta-მ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც WhatsApp-მა თაღლითობის საწინააღმდეგო ახალი ზომები წამოიწყო, რათა მომხმარებლები პოტენციური თაღლითური საქმიანობის შესახებ გაეფრთხილებინა.
როგორც “ბიბისი” წერს, ბევრი მათგანი დაკავშირებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ორგანიზებული დამნაშავეების მიერ მართულ თაღლითურ ცენტრებთან, რომლებიც ხშირად იყენებდნენ იძულებით შრომას თავიანთ საქმიანობაში.
“მეტამ” განაცხადა, რომ WhatsApp-მა „პროაქტიულად აღმოაჩინა და დახურა ანგარიშები, სანამ თაღლითური ცენტრები მათ ოპერატიულად ამოქმედებას შეძლებდნენ“.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს თაღლითობის შედეგად მსოფლიოში 12.5 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი დადასტურდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.