სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

დათაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვდა სასამართლოს აცილებას და აცხადებდა, რომ ბრალდების ყველა მოწმე სასამართლოს თანამშრომელია, რაც სასამართლოს ობიექტურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენდა.

ასევე დაცვის მხარემ საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობაც დააყენა. როგორც ადვოკატმა განმარტა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა.

თავის მხრივ, პროკურორი დათაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დარჩენას შუამდგომლობდა, ვინაიდან მედია ცირამუა მიიჩნევდა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები