ინტერნეტში ქალი სამხედროების ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ბავშვებს ძუძუს აწოვებენ
ათი ამერიკელი სამხედრო ქალის ფოტომ, რომელზეც ბავშვებს ძუძუს აწოვებენ, ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
„ბი-სი-სის“ ცნობით, ასობით ადამიანი ფოტოგრაფ ტარა რუბინს მადლობას უხდის, რადგან მან მსოფლიოს აჩვენა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვების კვება დანაშაული არ არის. ამ ფოტოებს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამში“ მრავალი გამოხმაურება მოჰყვა.
ფოტოგრაფმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს ჯარში იყო და, ამასთანავე, მცირეწლოვანი შვილი გყავდეს. ის ამერიკის სამხედრო- საჰაერო ძალებში 1997-2001 წლებში მსახურობდა.
„მე ბავშვს ყველგან ვაჭმევდი, სადაც მოვახერხებდი. ამისთვის სპეციალური შენობა არ არსებობდა. ზოგჯერ მთელ ღამეს ვმუშაობდი და ვეძებდი თავისუფალ ოთახს, რათა რძე გამომეწურა“, – განუცხადა რუბინმა „ბი-ბი-სის“.
ეს ფოტო მან ტეხასში განთავსებული ფორტ-ბლისის ბაზის მეთაურობის გადაწყვეტილების შემდეგ გადაიღო, რომელმაც სამხედრო მოსამსახურე ქალებისთვის სპეციალური ოთახი გახსნა. იქ მათ ბავშვის კვება შეუძლიათ.