თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგ Dogan Media Group-ი პროკურატურამ ტერორიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
Dogan Media Group-ი Dogan Holding-ის შემადგენლობაში შედის, ასევე ჰოლდინგი ფლობს ტელეკომპანიებს: Kanal D, CNN Türk, Dream TV, Slow Türk და Radio D. Dogan Media თურქეთის ხელისუფლებას არაერთხელ გაუკრიტიკებია.
თურქეთის ხელისუფლების პრეტენზიები გამოიწვია დაღუპული თურქი ჯარისკაცების ფოტოების გამოქვეყნებამ, ასევე ქურთი ეროვნების ერთ-ერთ პირთან ჩაწერილმა ინტერვიუმ, რომელიც მოგვიანებით „ქურთთა მუშათა პარტიას“ შეუერთდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო პარტიის წარმომადგენლები გაზეთ Hürriyet-ის რედაქციას რამდენჯერმე თავს დაესხნენ და მის შენობაში ფანჯრები ჩაამტვრიეს. თურქეთის ოპოზიციური მედიასაშუალების Samanyolu Grup-ის გენერალური დირექტორი ჰიდაეთ ქარაჯა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება, ასევე დაკავებულია გაზეთ „თარაფის“ ჟურნალისტი მეჰმეთ ბარანსუ.
გასულ კვირას თურქეთის პოლიციამ İpek Holding-ის ოფისებიც დაარბია. იქ ამ დრომდე ჩხრეკა გრძელდება. ამასთან, თურქმა სამართალდამცველებმა გამოცემა Nokta-ს რედაქტორი დააკავეს და ჟურნალის გავრცელება შეაჩერეს.